ქვეპუნქტი 5. V კლასი
ბუნ.V.1. მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და ელემენტარული კვლევითი მიმართულება: მეცნიერული კვლევა-ძიება
უნარ-ჩვევების დემონსტრირება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• სვამს შესაბამის კითხვებს და იყენებს კვლევის სხვადასხვა ხერხს მათზე პასუხის მისაღებად;
• სახავს გზებს და იყენებს სხვადასხვა წყაროს დასმულ კითხვაზე პასუხის მოსაძებნად;
• იყენებს საბუნებისმეტყველო ტერმინებს კითხვებზე პასუხების ჩამოსაყალიბებლად საკუთარი დაკვირვებისა და მოსაზრებების საფუძველზე;
• ატარებს კვლევით აქტივობას უსაფრთხოების წესების დაცვით;
• აწარმოებს გაზომვებს სხვადასხვა ხელსაწყოს საშუალებით სტანდარტული ერთეულების გამოყენებით;
• იყენებს სხვადასხვა საშუალებას კვლევის შედეგების აღრიცხვა-ორგანიზებისთვის (ჩანაწერი, სვეტოვანი დიაგრამა, ცხრილი, ფოტო, ვიდეო);
• აანალიზებს შედეგებს და გამოაქვს დასკვნა;
• ადარებს ერთმანეთს საკუთარი და თანაკლასელთა დაკვირვების შედეგებს;
• ბუნ.V.1. მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და ელემენტარული კვლევითი მიმართულება: მეცნიერული კვლევა-ძიება
• უნარ-ჩვევების დემონსტრირება.
• შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
მიმართულება: ცოცხალი სამყარო
ბუნ.V.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს ორგანიზმებისათვის შეგუებულობების მნიშვნელობაზე მსჯელობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• აკვირდება და აღწერს მცენარეებისა და ცხოველების ზოგიერთ გარეგნულ ნიშანს (მაგ., ფოთლის ზედაპირის ფართობი, ყვავილის აგებულება, შეფერილობა, თესლის გავრცელების სამარჯვები, ცხიმის მარაგი, საფარველი), რომლებიც ეხმარება მათ გარემოსთან შეგუებაში;
• აკავშირებს ორგანიზმების გარეგნულ ნიშან-თვისებებს საბინადრო გარემოსთან და ასაბუთებს მათ მნიშვნელობას გარემოსთან შეგუების თვალსაზრისით (მაგ., სქელი ღერო ხელს უწყობს უდაბნოს მცენარეების მიერ წყლის მომარაგებას, გრძელი ფესვი - ნიადაგის ღრმა ფენებიდან წყლის შეწოვას და ა.შ.);
• ამოიცნობს სხვადასხვა ცხოველის სხეულის ერთი და იმავე დანიშნულების ნაწილებს (მაგ., ფეხი, ფრთა, ფარფლი - მოძრაობა; ცხვირი, დინგი, ხორთუმი, მწერების ულვაშები - ყნოსვა; ნიჟარა, ბაკანი, ბუმბული, ბალანი, ქერცლი - სხეულის დაცვა) და მსჯელობს მათ როლზე გარემოსთან შეგუების ან ცხოვრების ნირის თვალსაზრისით;
• აღწერს ცხოველთა ქცევას (მაგ., მიგრაცია, ჯოგებად გაერთიანება, ოჯახებად ცხოვრება, შთამომავლობაზე ზრუნვა, სოციალური ურთიერთობები მწერებში, ზამთრის ძილი) და განმარტავს მის მნიშვნელობას გარემოსთან შეგუებაში;
• ქმნის და იყენებს მოდელებს მფარველობითი და გამაფრთხილებელი შეფერილობის ეფექტიანობის სადემონსტრაციოდ;
• მსჯელობს ტყის სხვადასხვა იარუსში მზარდი მცენარეების შეგუებითი თვისებების (მაგ., სინათლის მოყვარული, ჩრდილის ამტანი) შესახებ.
შინაარსი
განსაზღვრულ გარემო პირობებში (მაგ., სინათლე, ტემპერატურა, ტენიანობა, ნიადაგი, სხვა ორგანიზმები) არსებობას ორგანიზმები ეგუებიან სპეციალური ნიშან-თვისებების, ანუ შეგუებულობების საშუალებით. შეგუებულობები ხელს უწყობს საკვებისა და თავშესაფრის მოპოვებას, კონკრეტულ საარსებო პირობებში გადარჩენასა და გამრავლებას. შეგუებულობები ვლინდება აგებულების, სასიცოცხლო პროცესების, ქცევის თავისებურებებში.
სარეკომენდაციო აქტივობები
მასწავლებელი:
• ათვალიერებინებს მოსწავლეებს გარემოს (მაგ., სკოლის ეზო, მიმდებარე ტერიტორია, პარკი, ბოტანიკური ბაღი, ზოოპარკი) და სთხოვს, მოძებნონ მფარველობითი და გამაფრთხილებელი შეფერილობის მაგალითები;
• სთავაზობს მოსწავლეებს თვალსაჩინოებას (მაგ., შესაბამის ვიდეომასალას). სთხოვს, ამოიცნონ გარემოსთან შეგუებულობის კონკრეტული მაგალითები, იმსჯელონ მათი მნიშვნელობის შესახებ გარემოსთან შეგუებაში;
• სთავაზობს მოსწავლეებს თამაშს მფარველობითი შეფერილობის მნიშვნელობის გამოსავლენად (მაგ., მწვანე ფონზე მოთავსებული სხვადასხვა შეფერილობის ფიგურების აკრეფა დროის ერთეულში);
• სვამს კითხვებს: რა აქვთ საერთო ადამიანის, ფრინველების და ძუძუმწოვრების კიდურებს? ქვეწარმავლების ქერცლსა და ფრინველების ბუმბულს? რა აქვთ განსხვავებული? ეხმარება გამოიტანონ დასკვნა, რომ ერთი და იმავე დანიშნულების მქონე ორგანოები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან აგებულებით, რაც გამოწვეულია კონკრეტულ საარსებო პირობებთან შეგუებით;
• სთხოვს მოსწავლეებს, მოიპოვონ ინფორმაცია სოციალური მწერების (მაგ., ჭიანჭველა, ფუტკარი) შესახებ. იმსჯელონ ფუნქციების განაწილების მნიშვნელობის შესახებ;
ბუნ.V.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ტიპობრივი ეკოსისტემების დახასიათება და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების მნიშვნელობაზე მსჯელობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• ამოიცნობს საქართველოსათვის ტიპობრივ ეკოსისტემებს (მაგ., ტყე, მდელო, მთა, ზღვა) მათში გავრცელებული მცენარეებისა და ცხოველების მიხედვით;
• იკვლევს სინათლის მნიშვნელობას მცენარეში (ფოთოლში) საკვების (სახამებლის) წარმოქმნისათვის;
• აღწერს კვებითი ჯაჭვის თითოეული რგოლის მიერ საკვების მოპოვების გზას;
• განასხვავებს ცხოველებს კვების ნირის მიხედვით (ბალახისმჭამელი, ხორცისმჭამელი, ნაირმჭამელი);
• ორგანიზმებს შორის არსებული მრავალმხრივი ურთიერთობების გათვალისწინებით, მსჯელობს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების მნიშვნელობაზე ადამიანისა და გარემოსათვის.
შინაარსი
ეკოსისტემა წარმოადგენს ორგანიზმებისაგან და მათი საარსებო გარემოს არაცოცხალი კომპონენტებისაგან (სინათლე, ტემპერატურა, ტენი) შექმნილ ერთიან სისტემას. ეკოსისტემაში ორგანიზმები ქმნიან კვებით ჯაჭვებს, რომლებშიც ერთვებიან მათთვის დამახასიათებელი კვების ტიპის მიხედვით. კვებით ჯაჭვში გამოიყოფა სამი ძირითადი რგოლი: მწარმოებელი, მომხმარებელი და დამშლელი. მწარმოებლები (მწვანე მცენარეები) წარმოადგენენ საკვებისა და ჟანგბადის პირველწყაროს დედამიწაზე. მომხმარებლები (ცხოველები) კვების ნირის მიხედვით, იყოფიან ბალახისმჭამელებად, ხორცისმჭამელებად და ნაირმჭამელებად. კვებითი ჯაჭვის საშუალებით ორგანიზმებს შორის ხორციელდება ენერგიისა და ნივთიერების გადაცემა. ადამიანის ზოგიერთმა საქმიანობამ, მაგალითად, ტყეების გაჩეხვამ, ნიადაგის არასწორმა მორწყვამ, ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურებამ, ნადირობამ, შესაძლოა, უარყოფითი შედეგები იქონიოს ბუნებრივი პროცესების მიმდინარეობაზე და ზიანი მოუტანოს ყოველივე ცოცხალს დედამიწაზე.
სარეკომენდაციო აქტივობები
მასწავლებელი:
• სთხოვს მოსწავლეებს, შექმნან ხელოვნური ეკოსისტემის მოდელი და დააკვირდნენ მასში ორგანიზმებსა და გარემოს ურთიერთქმედებას;
• სთავაზობს მოსწავლეებს, იმსჯელონ ლოკალურ გარემოზე ადამიანის ზემოქმედების უარყოფით შედეგებზე და მათი თავიდან აცილების გზებზე;
• სთხოვს მოსწავლეებს, ნაცნობი ბუნებრივი გარემოს მაგალითზე (ტყის, უდაბნოს, ზღვის ბუნებრივი გარემო) შექმნან კვებითი ჯაჭვის მარტივი მოდელი;
• სთხოვს მოსწავლეებს დაგეგმონ და ჩაატარონ ცდა მცენარისთვის ფოთლების მნიშვნელობის დასადგენად (მაგ., შეისწავლონ ახალგაზრდა აღმონაცენების ზრდის პროცესი, რომელთაგანაც ზოგიერთს მოცილებული აქვს ფოთლები, ხოლო ზოგიერთს - შენარჩუნებული);
• სთხოვს მოსწავლეებს, დააჯგუფონ ორგანიზმები კვებით ჯაჭვში მონაწილეობის მიხედვით (მწარმოებელი/მომხმარებელი/დამშლელი) ან კვების ტიპის (ბალახისმჭამელი/ხორცისმჭამელი/ ნაირმჭამელი) მიხედვით;
• სთავაზობს მოსწავლეებს, მოიყვანონ ისეთი კვებითი ჯაჭვების მაგალითები, რომლებშიც ჩართულია ადამიანი;
• სთხოვს მოსწავლეებს, გამოთქვან ვარაუდი იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება აისახოს ადამიანის საქმიანობა ბუნებრივ კვებით კავშირებზე;
• ავალებს მოსწავლეებს, აირჩიონ კონკრეტული ბუნებრივი გარემო (საკუთარი საცხოვრებელი, ტყე, უდაბნო, ოკეანე და სხვ.) და გამოიკვლიონ (დაკვირვების შედეგად, ინტერნეტის, ლიტერატურული წყაროების გამოყენების გზით) მასში მობინადრე ორგანიზმებს შორის არსებული კვებითი კავშირები.
მიმართულება: სხეულები და მოვლენები
ბუნ.V.4. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხეულის მოძრაობის ტრაექტორიის დახასიათება და მის სიჩქარეზე მსჯელობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• აღწერს სხეულის მოძრაობის ტრაექტორიებს (წრფივი, ტეხილი, მრუდწირული), ადარებს ერთმანეთს და გამოხატავს სქემატურად;
• აკვირდება საკუთარ მოძრაობას, ზომავს გავლილ მანძილს და დროის შუალედს შესაბამის ერთეულებში;
• გამოთვლის მოძრავი სხეულის სიჩქარეს და ახასიათებს მას, როგორც მოძრაობის სისწრაფის მაჩვენებელ ფიზიკურ სიდიდეს;
• გამოთვლის მოძრავი სხეულის სიჩქარეს, გავლილ მანძილს ან მოძრაობის დროს პრაქტიკულ სიტუაციებთან დაკავშირებული ამოცანების ამოხსნისას;
• მსჯელობს სტანდარტული ერთეულების გამოყენების აუცილებლობაზე ყოველდღიურ ცხოვრებაში.
შინაარსი
მოძრაობა არის სხეულის მდებარეობის ცვლილება სხვა სხეულების მიმართ. მოძრაობა ხასიათდება ტრაექტორიით (წრფივი, ტეხილი, მრუდწირული), გავლილი მანძილით, დროის შუალედით და სიჩქარით. სიჩქარე არის გავლილი მანძილის შეფარდება ამ მანძილის გავლაზე დახარჯულ დროის შუალედთან. არსებობს სიჩქარის სხვადასხვა ერთეული (მაგ., კმ/სთ, სმ/წმ, მ/წმ). ფიზიკური სიდიდეების (მაგ., დრო, მანძილი, სიჩქარე) გაზომვების შედეგების ჩასაწერად მნიშვნელოვანია სტანდარტული ერთეულების გამოყენება.
სარეკომენდაციო აქტივობები
მასწავლებელი:
• აჩვენებს მოსწავლეებს სხვადასხვა მოძრაობის ამსახველ ილუსტრაციებს/ვიდეო- მასალას, სთხოვს, სქემატურად ასახონ თითოეული მოძრაობის ტრაექტორია და დააჯგუფონ ისინი ტიპების მიხედვით (წრფივი, ტეხილი, მრუდწირული);
• ყოფს მოსწავლეებს ჯგუფებად და სთხოვს, გამოთვალონ ჯგუფის თითოეული წევრის სიჩქარე სიარულის და სირბილის დროს საზომი ლენტის და წამმზომის გამოყენებით. შედეგები ჯგუფებმა ცხრილის სახით წარმოადგინონ;
• სთხოვს რამდენიმე მოსწავლეს საკუთარი ნაბიჯებით გაზომონ საკლასო ოთახის სიგრძე, შეადარონ მიღებული შედეგები ერთმანეთს და იმსჯელონ ასეთ გაზომვებთან დაკავშირებულ პრობლემებზე. შემდეგ მოსწავლეები მსჯელობენ ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე და ასახელებენ მათთვის ნაცნობ დროის, მანძილის და სიჩქარის სხვადასხვა სტანდარტულ ერთეულს.
ბუნ.V.5. მოსწავლემ უნდა შეძლოს დამუხტული სხეულების ურთიერთქმედების აღწერა და მარტივი ელექტრული წრედის აწყობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• მარტივი ცდებით აჩვენებს, რომ ხახუნით შესაძლებელია ზოგიერთი სხეულის დამუხტვა;
• აკვირდება და აღწერს დამუხტული სხეულის ურთიერთქმედებას სხვა სხეულებთან;
• ამოიცნობს და აღწერს ელექტრული წრედის კომპონენტებს (წყარო, გამტარები, ნათურა, ჩამრთველი) და მსჯელობს მათ დანიშნულებაზე;
• მარტივი ცდებით აჩვენებს, რომ ელექტრულ წრედში დენის გასავლელად საჭიროა წრედი იყოს შეკრული;
• აფასებს ელექტრობის გამოყენებასთან დაკავშირებულ რისკებს და იცავს ყოველდღიურ ცხოვრებაში ელექტროხელსაწყოების უსაფრთხოდ გამოყენების წესებს.
შინაარსი
ზოგიერთი ნივთიერებისგან/მასალისაგან დამზადებული სხეულის დამუხტვა შესაძლებელია განსხვავებული ნივთიერებისგან/მასალისაგან დამზადებულ სხეულთან გახახუნებით. დამუხტულ სხეულებს შეუძლიათ მიიზიდონ ან განიზიდონ სხვა სხეულები. ელექტრული წრედი შედგება დენის წყაროსგან და წრედის სხვა კომპონენტებისაგან: გამტარები, ნათურა, ჩამრთველი, ზარი, ძრავა და ა.შ. ამ კომპონენტებს აქვთ თავისი აღმნიშვნელი გრაფიკული სიმბოლოები და კონკრეტული დანიშნულება. იმისათვის, რომ წრედში დენმა გაიაროს, წრედი შეკრული უნდა იყოს. ელექტრობის ყოველდღიურ გამოყენებასთან გარკვეული რისკებია დაკავშირებული და საჭიროა შესაბამისი უსაფრთხოების წესების დაცვა.
სარეკომენდაციო აქტივობები
მასწავლებელი:
• აჩვენებს მოსწავლეებს პლასტმასის ორი ერთნაირი სხეულის, რომელთაგანაც ერთ-ერთი წინასწარ დამუხტა და ქაღალდის პატარა ნაკუწების ურთიერთქმედებას. შემდეგ უხსნის მათ, რომ სხეული შეიძლება დამუხტული იყოს და აჩვენებს, როგორ შეიძლება მათი მარტივად დამუხტვა;
• დამუხტავს პლასტმასის სხეულს ქაღალდზე ხახუნით და შეახებს მას ძაფზე დაკიდებულ ალუმინის ფოლგისგან დამზადებულ მსუბუქ ბურთულას. შემდეგ მოსწავლეების ჯგუფები დამოუკიდებლად იმეორებენ იმავე აქტივობას და აკვირდებიან, როგორ ურთიერთქმედებს ძაფზე დაკიდებული დაუმუხტავი/დამუხტული ბურთულა პლასტმასის სხეულთან და სხვა სხეულებთან. ჯგუფებს დაკვირვების შედეგები შეაქვთ ცხრილში და მსჯელობის საფუძველზე გამოაქვთ დამოუკიდებელი დასკვნა დამუხტული სხეულის სხვა სხეულებთან ურთიერთქმედების შესახებ;
• ყოფს მოსწავლეებს ჯგუფებად და სთხოვს მათ გამტარების, დენის წყაროს (ელემენტი), ჩამრთველისა და ნათურის გამოყენებით ააწყონ დიაგრამაზე/სქემაზე მოცემული ელექტრული წრედი. მოსწავლეთა ჯგუფები მსჯელობენ, თუ რა განაპირობებს წრედში დენის გავლას/არგავლას, დასკვნას წარმოადგენენ წერილობითი სახით.
მიმართულება: დედამიწა და გარესამყარო
ბუნ.V.6. მოსწავლემ უნდა შეძლოს მზის სისტემის, ზოგიერთი კოსმოსური სხეულის აღწერა და მათი დაკავშირება ადვილად დაკვირვებად ასტრონომიულ მოვლენებთან.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• იყენებს მოდელებს, აღწერს დედამიწისა და სხვა პლანეტების განლაგებასა და მოძრაობას მზის სისტემაში;
• ქმნის მზის და მთვარის დაბნელების მოდელებს და მსჯელობს დაბნელების გამომწვევ მიზეზებზე;
• აკვირდება ღამის ცას და იხატავს დაკვირვების შედეგებს. იყენებს შესაბამის რუკებს/ატლასებს და პოულობს შესატყვისობას თავის ჩანახატსა და რომელიმე თანავარსკვლავედს შორის;
• მსჯელობს ტელესკოპის მნიშვნელობაზე ციური სხეულების შესწავლაში.
შინაარსი
მზის სისტემის ნაწილებია მზე, პლანეტები მათი თანამგზავრებით, ასტეროიდები, კომეტები და მეტეორები. მზის მიმართ მთვარისა და დედამიწის კონკრეტული ურთიერთგანლაგებისას დაიმზირება მზისა და მთვარის დაბნელებები. მზე ერთ-ერთი ვარსკვლავია. ღამის ცაზე შეუიარაღებელი თვალით შესაძლებელია სხვა ვარსკვლავების დანახვა, რომლებიც მზესთან შედარებით დედამიწისაგან უფრო შორს არიან. ვარსკვლავების ურთიერთგანლაგების მიხედვით განარჩევენ თანავარსკვლავედებს. ციურ სხეულებს ადამიანები უხსოვარი დროიდან აკვირდებოდნენ. ციური სხეულების შესასწავლად გამოყენებული ტექნოლოგიები დროთა განმავლობაში ვითარდებოდა.
სარეკომენდაციო აქტივობები
მასწავლებელი:
• სთხოვს მოსწავლეებს (წყვილებში ან ჯგუფებში) შეარჩიონ მასალა და დაამზადონ მზის სისტემის მოდელები, იმსჯელონ დამზადებული მოდელის ძლიერ და სუსტ მხარეებზე;
• აძლევს მოსწავლეებს დავალებას, მოიძიონ ინფორმაცია, თუ როგორ იკმაყოფილებენ ასტრონავტები ძირითად სასიცოცხლო საჭიროებებს (მაგ., საკვები, წყალი, ნარჩენების განთავსება) კოსმოსში ცხოვრებისა და მუშაობის დროს;
• აჩვენებს მოსწავლეებს ვიდეოფილმებს მეცნიერების მიერ კოსმოსის შესწავლის მნიშვნელოვან ფაქტებთან დაკავშირებით (მაგ., კოსმოსში პირველი გაფრენა, პირველი ქალი კოსმონავტი, მთვარეზე ადამიანების პირველი დაშვება) და სთხოვს, იმსჯელონ მათი მნიშვნელობის შესახებ;
• სთხოვს მოსწავლეებს, გამოთქვან საკუთარი მოსაზრება, თუ როგორ წარმოუდგენიათ კოსმოსის შესწავლა მომავალში;
• ავალებს მოსწავლეებს, იმუშაონ პროექტზე: როგორ ასახავენ ადამიანები საკუთარ წარმოდგენებს ასტრონომიულ მოვლენებზე დრამაში, ფილმებში, ლიტერატურასა და მხატვრობაში.
ბუნ.V.7. მოსწავლემ უნდა შეძლოს დედამიწის სტრუქტურისა და დედამიწის ქერქში მიმდინარე პროცესების დახასიათება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• სქემაზე ამოიცნობს და ასახელებს დედამიწის სტრუქტურულ ნაწილებს (ბირთვი, მანტია, ქერქი);
• ხსნის ბუნებრივ მოვლენებს (ვულკანურ ამოფრქვევებს, მიწიძვრას) დედამიწის სტრუქტურის თავისებურებით და დედამიწის ქერქში მიმდინარე პროცესებით;
• ამზადებს მთათწარმოქმნის პროცესის საილუსტრაციო მოდელს (მაგ., ქაღალდისგან, პლასტილინისგან ან ცომისგან );
• სიმულაციური თამაშის დროს იცავს მიწისძვრის დროს ელემეტარული ქცევის წესებს;
• მსჯელობს დედამიწაზე კონკრეტული ადგილის ისტორიულ განვითარებაზე ნამარხი ორგანიზმების (მაგ,. იმერეთისა და რაჭის კირქვიანებში აღმოჩენილი ზღვის ნამარხი ორგანიზმების) მიხედვით.
შინაარსი
დედამიწა შედგება ბირთვის, მანტიისა და ქერქისაგან. ქერქი დედამიწის გარე, ყველაზე თხელი შრეა. ის შედგება ქანებისგან, მინერალებისგან, ნიადაგისგან. დასახლებულია ორგანიზმებით. დედამიწის ქერქში მიმდინარე ზოგიერთი პროცესი იწვევს ქერქის ცალკეული ნაწილების გადაადგილებას ერთმანეთის მიმართ, რაც განაპირობებს მთათწარმოქმნის პროცესს, მიწისძვრებსა და ვულკანების ამოფრქვევას. დედამიწის ქერქის შრეებში შესაძლებელია სხვადასხვა სახის ნამარხი ორგანიზმის ან მათი ანაბეჭდების აღმოჩენა, რომლებიც გვაწვდიან ინფორმაციას დედამიწის წარსულის შესახებ.
სარეკომენდაციო აქტივობები
მასწავლებელი:
• სთხოვს მოსწავლეებს, დაამზადონ მიწისძვრისა და ვულკანური ამოფრქვევის სადემონტრაციო მოდელები;
• სთავაზობს მოსწავლებს ელექტრონულ თამაშებს ბუნებრივ კატასტროფებზე, რომლებიც განთავსებულია მისამართზე www.buki.ge;
• სთხოვს მოსწავლეებს დაამზადონ გაქვავავებული ნამარხის მოდელი;
• მოსწავლეებს აცნობს, თუ როგორ აღადგენენ მეცნიერები გადაშენებული ორგანიზმების იერსახეს განამარხებული ნაწილების მიხედვით. სთავაზობს რომელიმე განამარხებული ორგანიზმის ფრაგმენტს ან ანაბეჭდის გამოსახულებას და სთხოვს, მის საფუძველზე საკუთარი ფანტაზიით შექმნან ორგანიზმის სრული იერსახე. დაასაბუთონ საკუთარი გადაწყვეტილება;
• ორგანიზებას უწევს მოსწავლეების ვიზიტს მუზეუმებში, სადაც განთავსებულია პალეონტოლოგიური მასალები.
ქვეპუნქტი 6. VI კლასი
მიმართულება: მეცნიერული კვლევა-ძიება
ბუნ.VI.1. მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტრირება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• სვამს შესაბამის კითხვებს და იყენებს კვლევის სხვადასხვა ხერხს მათზე პასუხის მისაღებად;
• სახავს გზებს და იყენებს სხვადასხვა წყაროს დასმულ კითხვაზე პასუხის მოსაძებნად;
• იყენებს საბუნებისმეტყველო ტერმინებს კითხვებზე პასუხების ჩამოსაყალიბებლად საკუთარი დაკვირვებისა და მოსაზრებების საფუძველზე;
• ატარებს კვლევით აქტივობას უსაფრთხოების წესების დაცვით;
• აწარმოებს გაზომვებს სხვადასხვა ხელსაწყოს საშუალებით სტანდარტული ერთეულების გამოყენებით;
• იყენებს სხვადასხვა საშუალებას კვლევის შედეგების აღრიცხვა-ორგანიზებისათვის (ჩანაწერი, სვეტოვანი დიაგრამა, ცხრილი, ფოტო, ვიდეო);
• აანალიზებს შედეგებს და გამოაქვს დასკვნა;
• ადარებს ერთმანეთს საკუთარი და თანაკლასელთა დაკვირვების შედეგებს;
• იყენებს ზეპირ და წერილობით მოხსენებას, ისტ-საშუალებებს თანაკლასელებისთვის საკუთარი კვლევის შედეგებისა და დასკვნების გასაცნობად.
მიმართულება: ცოცხალი სამყარო
ბუნ.VI.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს მსჯელობა ადამიანის სხვადასხვა ორგანოს შეთანხმებული მუშაობის შესახებ.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• ამოიცნობს ადამიანის ზოგიერთ ორგანოს (მაგ., ძვალი, კუნთი, კუჭი, ფილტვი, გული, სისხლძარღვი) და აღწერს მათ დანიშნულებას;
• ადამიანის სხეულის მოდელზე განსაზღვრავს ორგანოების ურთიერთგანლაგებას;
• ასახელებს სხვადასხვა ორგანოს შეთანხმებული მოქმედების მაგალითებს და მსჯელობს ორგანოთა შეთანხმებული მუშაობის მნიშვნელობაზე;
• აჯგუფებს სხვადასხვა ორგანოს ფუნქციის მიხედვით (მაგ., კუჭი, ნაწლავი - საკვების დაშლა და მონელება, გული და სისხლძარღვები - ორგანიზმის მომარაგება საკვები ნივთიერებებით და ჟანგბადით, კუნთები და ძვლები - სხეულის მოძრაობა და დაცვა).
შინაარსი
ადამიანის სხეული შედგება ცალკეული ორგანოებისაგან. მათი შეთანხმებული მოქმედება უზრუნველყოფს ორგანიზმის, როგორც ერთიანი სისტემის, ფუნქციონირებას (მაგ., სირბილის დროს გული და ფილტვები კუნთების დატვირთვასთან შეთანხმებულად მოქმედებენ).
ძვლები და კუნთები ემსახურებიან სხეულის მოძრაობას და ქმნიან საყრდენს მთლიანი ორგანიზმისათვის. კუჭისა და ნაწლავების დანიშნულებაა მიღებული საკვების გადამუშავება და შეთვისება. ფილტვების საშუალებით ხორციელდება ჩასუნთქული ჰაერიდან ჟანგბადის გადასვლა სისხლში. სისხლი ამარაგებს ორგანიზმს ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით. სისხლის მოძრაობას სისხლძარღვებში განაპირობებს გული.
სარეკომენდაციო აქტივობები
მასწავლებელი:
• სთხოვს მოსწავლეებს, ამოიცნონ ცალკეული ორგანო თვალსაჩინოებაზე (მაკეტზე/ილუსტრაციებზე);
• ავალებს მოსწავლეებს, იპოვონ შესაბამისობა ორგანოებსა და მათ ფუნქციებს შორის, აღწერონ ცალკეული ორგანოს ადგილმდებარეობა და მნიშვნელობა ორგანიზმისათვის;
• სთხოვს მოსწავლეებს, შეადარონ ესა თუ ის ორგანო ყოფა-ცხოვრებიდან მათთვის ნაცნობ ხელოვნურ სისტემებს (მაგალითად: გული – ძრავა, ტუმბო; თირკმელი – ფილტრი; ჩონჩხი – სამშენებლო კარკასი; სისხლძარღვები – სარწყავი სისტემა, მდინარეთა ქსელი და სხვ). დაასაბუთონ შედარების მართებულობა;
• სთხოვს მოსწავლეებს, მოისმინონ საკუთარი გულისცემა (სტეტოსკოპის დახმარებით) და პულსი, შემდეგ დაითვალონ თითოეული მათგანი ერთი წუთის განმავლობაში და შეადარონ ერთმანეთს;
• სთხოვს მოსწავლეებს, მოიფიქრონ სიტუაციური მაგალითები, რომლებშიც ჩართულია ორზე მეტი ორგანო;
• სთხოვს მოსწავლეებს, იმსჯელონ, თუ რა როლს ასრულებს ამა თუ იმ ორგანოს გამართული მუშაობა მათი ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.
ბუნ.VI.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ადამიანის ჯანმრთელობაზე სხვადასხვა ფაქტორის გავლენის შესახებ მსჯელობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• ასახელებს დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმებისაგან თავდაცვის ელემენტარულ წესებს (მაგ., ხელების დაბანა და ჰიგიენის სხვა ნორმების დაცვა ყოველდღიურ ცხოვრებაში, აცრა);
• ასახელებს ადამიანის ჯანრთელობაზე უარყოფითად მოქმედ ფაქტორებს (მაგ., მომატებული რადიაცია, დაბინძურებული გარემო, არაჯანსაღი კვება, ხმაური, ნიკოტინი, ნარკოტიკები);
• აცნობიერებს ჯანსაღი კვების მნიშვნელობას და ადგენს საკუთარ რაციონში შესატანი აუცილებელი პროდუქტების სიას (მაგ., ბოსტნეული, მარცვლეული, რძის პროდუქტები);
• საუბრობს ზოგიერთი საკვები პროდუქტის შენახვის წესებზე, კითხულობს საკვები პროდუქტის ეტიკეტს და ადგენს მის ვარგისიანობას;
• ავლენს პირველადი სამედიცინო დახმარების ელემენტარული წესების ფლობას (მაგ., მსუბუქი ჭრილობების დამუშავება, დაზიანებული კიდურების დაფიქსირება, სისხლდენის შეჩერება).
შინაარსი
ჯანმრთელობაზე მოქმედი მავნე ფაქტორებია: არაჯანსაღი კვება, ნიკოტინი, ნარკოტიკები, ძილის უკმარისობა, არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა, აგრეთვე, დაბინძურებული გარემო, დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმები, მომატებული რადიაცია, ხმაური და სხვ. დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმებისაგან თავდასაცავად აუცილებელია ყოველდღიურ ცხოვრებაში ჰიგიენის ნორმების დაცვა და სათანადო აცრების ჩატარება. ჯანსაღი კვება გულისხმობს დაბალანსებულ რაციონს და ვარგისიანი პროდუქტების გამოყენებას საკვებად. ტრავმული დაზიანებების დროს პირველადი სამედიცინო დახმარების ელემენტარული წესებია: ჭრილობის დამუშავება, დაზიანებული კიდურების დაფიქსირება, სისხლდენის შეჩერება.
სარეკომენდაციო აქტივობები
მასწავლებელი:
• სთხოვს მოსწავლეებს, მოიძიონ ინფორმაცია ადამიანის მავნე ჩვევების შესახებ და მოამზადონ მათ საწინააღმდეგოდ სააგიტაციო მასალა (მაგ., პლაკატები);
• სთხოვს მოსწავლეებს, შეადგინონ კვების დაბალანსებული რაციონი განსაზღვრული პერიოდისათვის (1 დღე/1 კვირა) და დაასაბუთონ მისი თითოეული კომპონენტის მნიშვნელობა;
• სთავაზობს მოსწავლეებს სიმულაციურ თამაშს „ექიმი-პაციენტი“, რომელშიც „ექიმი“ ავლენს პირველადი სამედიცინო დახმარების ელემენტარული წესების ფლობას;
• სთხოვს მოსწავლეებს, სიმულაციური თამაშის დროს განასახიერონ გადამდები დაავადებების თავიდან აცილების ზომები და იმსჯელონ მათთვის და მათი თანატოლებისთვის პრევენციის მნიშვნელობის შესახებ;
• სთხოვს მოსწავლეებს, დაასახელონ მათთვის ცნობილი ზოგიერთი დაავადება (მაგ. გრიპი, ყბაყურა, წითელა) და მათი სიმპტომები (სურდო, ხველება, გამონაყარი);
• სთავაზობს მოსწავლეებს სიმულაციურ თამაშს, რომლის დროსაც ისინი წარმოადგენენ გადამდები დაავადებების თავიდან აცილების ზომებს;
• წარმართავს მოსწავლეთა მსჯელობას მზის დაკვრის, სხეულის გადახურების ან გადაციების თავიდან აცილების გზებზე.
მიმართულება: სხეულები და მოვლენები
ბუნ.VI.4. მოსწავლემ უნდა შეძლოს ენერგიის სხვადასხვა სახეზე და მათ ურთიერთგარდაქმნაზე მსჯელობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• აღწერს და განასხვავებს ერთმანეთისგან სხვადასხვა სახის (მაგ. მოძრაობის, სითბურ, ელექტრულ, საკვებისა და საწვავის) ენერგიას;
• მაგალითებით ან მარტივი ცდებით აჩვენებს, რომ ენერგია შეიძლება ერთი სხეულიდან მეორეს გადაეცეს;
• მაგალითებით ან მარტივი ცდებით აჩვენებს, რომ ენერგია შეიძლება ერთი სახიდან მეორეში გადავიდეს (მაგ., მოძრაობის ენერგია გადავიდეს სითბურ ენერგიაში, ელექტრული ენერგია - სინათლის, სითბურ ან მოძრაობის ენერგიებში);
• განასხვავებს ენერგიის განახლებად და არაგანახლებად წყაროებს და მსჯელობს ადამიანისათვის მათ მნიშვნელობაზე.
შინაარსი
სხეულის მოძრაობა, გათბობა, განათება და ა.შ. განპირობებულია სხვადასხვა სახის ენერგიის არსებობით. შესაბამისად განასხვავებენ მოძრაობის, სითბურ, ელექტრულ, საკვებისა და ა.შ. ენერგიებს. არსებობს ენერგიის ბუნებრივი და ხელოვნური, განახლებადი და არაგანახლებადი წყაროები. ენერგია შესაძლებელია ერთი სახიდან მეორეში გარდაიქმნას ან ერთი სხეულიდან მეორე სხეულს გადაეცეს. ენერგიას და მის წყაროებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ თანამედროვე ადამიანის არსებობისათვის (მაგ., გათბობა, განათება, ტრანსპორტი, წყალმომარაგება). შესაბამისად, არაგანახლებადი ენერგიის წყაროების დაზოგვა, მათი ჯეროვნად გამოყენება ან/და ჩანაცვლება განახლებადი ენერგიის წყაროებით თანამედროვეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა.
სარეკომენდაციო აქტივობები
მასწავლებელი:
• სთხოვს მოსწავლეებს, ჩამოწერონ სახლში არსებული ნივთების სია, რომელთა ფუნქციონირებისათვის ენერგია არის საჭირო და დაასახელონ ამ ენერგიის სახე (მაგ., სითბური, ელექტრული);
• აჩვენებს მოსწავლეებს ელექტროენერგიაზე მომუშავე რაიმე სათამაშოს, საიდანაც მას წინასწარ ამოღებული აქვს ელემენტები. შემდეგ სთხოვს მათ, დაფიქრდნენ, თუ რა მიზეზით არ მუშაობს სათამაშო. მას შემდეგ, რაც მოსწავლეები თავად ან მასწავლებლის მინიშნებით მიხვდებიან, რომ ყველაზე მარტივი მიზეზი შეიძლება ელემენტების უქონლობა იყოს, სთხოვს მათ, იმსჯელონ, თუ რა სახის ენერგიის წყაროა ელემენტი და დაასახელონ სხვა ნივთები, რომელთა ასამუშავებლადაც იმავე სახის ენერგიაა საჭირო;
• ყოფს კლასს რამდენიმე ჯგუფად და უსახელებს თითოეულს ენერგიის სხვადასხვა ფორმას. სთხოვს, მოიყვანონ ენერგიის ამ სახის სხვა სახეში გარდაქმნის მაგალითები. აქტივობის ბოლოს შემუშავდება საერთო სქემა, რომელშიც მოცემული იქნება ენერგიის თითოეული სახის გარდაქმნის მაგალითები;
• აჩვენებს სურათებს ან ჩამოწერს დაფაზე ენერგიის სხვადასხვა წყაროს (მაგ., მზე, ბუნებრივი აირი, ქარი, მდინარე, ნავთობი, შეშა), სთხოვს მოსწავლეებს, დააჯგუფონ ისინი განახლებად და არაგანახლებად ენერგიის წყაროებად და დაასაბუთონ საკუთარი მოსაზრება.
ბუნ.VI.5 მოსწავლემ უნდა შეძლოს ნივთიერებათა თვისებების აღწერა და მათი ცვლილებების შესახებ მსჯელობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• ასახელებს ყოფა-ცხოვრებაში გამოყენებული ნივთიერებების მაგალითებს და მსჯელობს მათი თვისებების შესახებ;
• აკვირდება და ადარებს ნივთიერებებს თვისებების მიხედვით (მაგ., სუნი, ბზინვარება, წვის უნარი, აგრეგატული მდგომარეობა და სხვ.). შედეგებს წარმოადგენს ცხრილის სახით, აანალიზებს და გამოყოფს თვისებებს, რომლებიც ამ ნივთიერებების გამოყენებას განაპირობებს;
• ახასიათებს მისთვის ნაცნობ ზოგიერთ ნივთიერებას (მაგ., ჟანგბადი, წყალი, ნახშირორჟანგი) და მსჯელობს მათ მნიშვნელობაზე ცოცხალი ორგანიზმებისთვის;
• განასხვავებს ნივთიერებათა თვისებების ცვლილებებს (მაგ., ფორმის, ფერისა და აგრეგატული მდგომარეობის შეცვლა) და მსჯელობს ამ ცვლილებების გამომწვევ მიზეზებზე (მაგ., გაცხელება, შერევა, დაწვა, მექანიკური ზემოქმედება);
• უსაფრთხოების წესების დაცვით ატარებს ცდებს ნივთიერებათა თვისებების ცვლილებების (მაგ., აგრეგატული მდგომარეობის შეცვლა, წვა, ფორმის, ფერისა და სუნის შეცვლა) შესასწავლად ან ასახელებს მაგალითებს ყოველდღიური ცხოვრებიდან, შედეგების ანალიზის საფუძველზე განასხვავებს ფიზიკურ და ქიმიურ ცვლილებებს.
• მოიძიებს სათანადო ინფორმაციას სხვადასხვა ნივთიერების მიღების ან გადამუშავების შესახებ, მსჯელობს, რა გავლენას ახდენს ეს პროცესები გარემოზე.
შინაარსი
ნივთიერებები ხასიათდებიან თვისებებით. ზოგი თვისება შესაძლებელია დაინახო, ზოგი - შეიგრძნო, ზოგი - გაზომო. ნივთიერებების თვისებები განაპირობებს მათ გამოყენებას. არსებობს ფიზიკური და ქიმიური მოვლენები. ფიზიკური გარდაქმნების დროს შეიძლება შეიცვალოს ნივთიერების ფორმა ან მდგომარეობა, ნივთიერება კი იგივე რჩება (მაგ., დაბრტყელებული რკინის ლურსმანი ისევ რკინისგან შედგება, წყალი ყველა აგრეგატულ მდგომარეობაში წყალია). აგრეგატული მდგომარეობის ცვლილებისას ნივთიერება უცვლელია ანუ ეს ცვლილება ფიზიკურ გარდაქმნებს მიეკუთვნება. ქიმიური გარდაქმნების (მაგ., წვის) დროს კი წარმოიქმნება ახალი ნივთიერება. ნივთიერებების თვისებები და მათი გარდაქმნები ადამიანმა თავის სასარგებლოდ შეიძლება გამოიყენოს. თუმცა, ამან, ზოგ შემთხვევაში, შეიძლება უარყოფითადაც იმოქმედოს ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე (მაგ., პოლიეთილენის პარკების, კონსერვანტების გამოყენება და სხვა). გარემოს დაცვის კუთხით მნიშვნელოვანია საყოფაცხოვრებო და საწარმოო ნარჩენების ხელახალი გადამუშავება, რაც ასევე ეფუძნება ნივთიერებების თვისებებსა და გარდაქმნის უნარს.
სარეკომენდაციო აქტივობები
მასწავლებელი:
• ურიგებს მოსწავლეებს სხვადასხვა ნივთიერებისგან/მასალისგან დამზადებულ საგნებს (პლასტმასის ჭიქა, ალუმინის ჭურჭელი, კერამიკის ტიგელი) და სთხოვს, ივარაუდონ, რომელი მათგანის გამოყენებაა უფრო გამართლებული სპირტქურის ალზე ნივთიერების გასაცხელებლად? შემდეგ თვითონ ატარებს ცდას მოსწავლეების მიერ გამოთქმული ვარაუდის შესამოწმებლად;
• ურიგებს მოსწავლეებს ყოფაში გამოყენებული სხვადასხვა ნივთიერების (წყალი, ძმარი, შაქრის ფხვნილი, ცარცი, რომელიმე მეტალი და სხვ.) ნიმუშებს და სთხოვს, აღწერონ მათი ფიზიკური თვისებები (სუნი, ფერი, აგრეგატული მდგომარეობა);
• წყლის მაგალითზე აჩვენებს მოსწავლეებს ნივთიერების გადასვლას ერთი აგრეგატული მდგომარეობიდან მეორეში (აორთქლება და კონდენსაცია, დნობა და აორთქლება, დნობა და გამყარება). სთხოვს, გააანალიზონ, იცვლება თუ არა ამ გარდაქმნების დროს ნივთიერება. ავალებს, შეადარონ ერთმანეთს ეს პროცესები სითბოს გაცემა-შთანთქმის თვალსაზრისით;
• აჩვენებს მოსწავლეებს სურათებს ან ვიდეომასალას ან იყენებს შესაბამის სიტუაციურ ამოცანას და წარმართავს დისკუსიას საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან ბუნების დაცვის საჭიროების შესახებ.
ბუნ.VI.6 მოსწავლემ უნდა შეძლოს ნივთიერებისა და ნარევის ერთმანეთისგან განსხვავება, ნარევის კომპონენტებად დაყოფის მეთოდების გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• ჩამოთვლის მისთვის ნაცნობი ბუნებრივი ნარევების მაგალითებს (მაგ., ჰაერი, სასმელი წყალი, ზღვის წყალი, მინერალური წყალი, ნებისმიერი კერძი და სხვ.). ერთმანეთისგან ასხვავებს ნივთიერებას და ნარევს;
• ამზადებს ერთგვაროვან და არაერთგვაროვან ნარევებს (მაგ., სუფრის მარილის წყალხსნარი, ცარცის ფხვნილისა და წყლის ნარევი), ადარებს მათ და მსჯელობს მათ შორის მსგავსებასა და განსხვავებაზე;
• მასწავლებლის მითითებით გამოყოფს ნარევიდან მის რომელიმე კომპონენტს შესაბამისი ფიზიკური მეთოდის (მაგ., გაფილტვრა, დაწდომა, ამოშრობა, გაცრა) გამოყენებით;
• ირჩევს და უსაფრთხოების წესების დაცვით იყენებს შესაბამის მეთოდებს (მაგ., ამოშრობა, გაცრა, გამოხდა, გაფილტვრა, დაწდომა) ნარევის კომპონენტებად დასაყოფად ცხოვრებისეულ სიტუაციაში;
• ჩამოთვლის ნარევების გამოყენების მაგალითებს ყოველდღიური ცხოვრებიდან.
შინაარსი
ნივთიერება და ნარევი ერთმანეთისგან განსხვავდება. ნარევი შედგება ორი ან მეტი ნივთიერებისგან, რომლებიც ერთმანეთს ნებისმიერი თანაფარდობით ერევა. არსებობს ერთგვაროვანი და არაერთგვაროვანი ნარევები. სხვადასხვა ნარევის ცალკეულ კომპონენტებად დასაყოფად გამოიყენება სხვადასხვა მეთოდი, რაც ნარევის შედგენილობაზეა დამოკიდებული. შედგენილობა განაპირობებს ნარევების მრავალფეროვან გამოყენებასაც. ნარევები ფართოდ გამოიყენება როგორც მრეწველობაში, ისე ადამიანის ყოველდღიურ საქმიანობაში.
სარეკომენდაციო აქტივობები
მასწავლებელი:
• ურიგებს მოსწავლეთა ჯგუფებს სხვადასხვა ნივთიერებას/მასალას (მაგ., წყალი, ქვიშა, მარილი, ზეთი, ძმარი, ცარცის ფხვნილი, ნახერხი და სხვ.) და ავალებს, მათი გამოყენებით დაამზადონ ერთგვაროვანი და არაერთგვაროვანი ნარევები;
• 4 - 5 მოსწავლისგან შემდგარ ჯგუფებს ურიგებს სხვადასხვა ნარევის (მაგ., ცარციანი წყალი, ქვიშისა და წვრილი კენჭების ნარევი, ნახერხისა და ქვიშის ნარევი, მარილიანი წყალი, მინერალური წყალი, ჩაის ნაყენი, ყავა და სხვ.) ნიმუშებს და ავალებს, არგუმენტირებულად დააჯგუფონ ისინი ერთგვაროვან და არაერთგვაროვან ნარევებად;
• ურიგებს მოსწავლეებს სხვადასხვა ნარევს და ავალებს, ნარევის კომპონენტებად დაყოფის მათთვის ნაცნობი ხერხებიდან შეარჩიონ და უსაფრთხოების წესების დაცვით გამოიყენონ ერთ-ერთი. დაასაბუთონ თავიანთი არჩევანი;
• ავალებს მოსწავლეებს, შეიმუშაონ უსაფრთხოების წესები, რომლებიც აუცილებლად უნდა დაიცვან სხვადასხვა ნარევის კომპონენტებად დაყოფის დროს;
• ყოფს მოსწავლეებს ჯგუფებად და თითოეულს ავალებს, უსაფრთხოების წესების დაცვით დაყონ რომელიმე ნარევი კომპონენტებად.
მიმართულება: დედამიწა და გარესამყარო
ბუნ.VI.7. მოსწავლემ უნდა შეძლოს დედამიწაზე სითბოსა და სინათლის განაწილების შესახებ მსჯელობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• მსჯელობს დედამიწაზე სეზონების მონაცვლეობის სავარაუდო მიზეზებზე;
• გეგმავს და ატარებს ცდას (მაგ., გლობუსით და ფანრით) დედამიწის ზედაპირზე სითბოსა და სინათლის არათანაბარი განაწილების სადემონსტრაციოდ;
• აკავშირებს ძირითადი კლიმატური სარტყლების არსებობას დედამიწაზე სითბოსა და სინათლის არათანაბარ განაწილებასთან;
• ადარებს ორ კლიმატურ სარტყელს ძირითადი მახასიათებლების მიხედვით.
შინაარსი
დედამიწის ბრუნვის ღერძი დახრილია მზის ირგვლივ მისი მოძრაობის სიბრტყის მიმართ. ღერძის დახრილობის გამო სითბო და სინათლე ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროებში არათანაბრად ნაწილდება. ამით არის გამოწვეული, ერთი მხრივ, სეზონების არსებობა, ხოლო მეორე მხრივ, ის, რომ, როცა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზამთარია, სამხრეთ ნახევარსფეროში ზაფხულია. დედამიწაზე სითბოს განაწილების მიხედვით განარჩევენ ძირითად კლიმატურ სარტყლებს: ეკვატორული, ტროპიკური, ზომიერი და პოლარული.
სარეკომენდაციო აქტივობები
მასწავლებელი:
• მოსწავლეებთან ერთად ატარებს ცდას გლობუსის/ბურთის და ნათურის გამოყენებით დედამიწაზე მზის სხივების არათანაბარი განაწილების სადემონსტრაციოდ;
• სთხოვს მოსწავლეებს, მოიძიონ ინფორმაცია და გააკეთონ ცივი და ცხელი სითბური სარტყლების შედარებითი ანალიზი (შესაძლებელია ვენის დიაგრამის ფორმატში);
• სთხოვს მოსწავლეებს, რუკის დახმარებით განსაზღვრონ, რომელი ქვეყნები მიეკუთვნებიან ცხელ და ცივ კლიმატურ სარტყლებს. მოიძიონ ინფორმაცია ამ ქვეყნებისთვის დამახასიათებელი თავისებურებების (მაგ., სასოფლო-სამეურნეო კულტურები, სპორტის ტიპური სახეობები) შესახებ და დაუკავშირონ ბუნებრივ პირობებს.
ბუნ.VI.8. მოსწავლემ უნდა შეძლოს ხმელეთის რელიეფის ცვლილებაში ბუნებრივი მოვლენებისა და ადამიანის საქმიანობის როლზე მსჯელობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• მოსწავლე იკვლევს და აღწერს ნაცნობი ბუნებრივი გარემოს რელიეფს. წარმოადგენს ვიზუალურ მასალას (მაგ., ფოტოებს) მისი მრავალფეროვნების შესახებ;
• მოიპოვებს ინფორმაციას და აღწერს მისთვის ნაცნობ გარემოში რელიეფის ცვლილების მაგალითებს;
• გამოთქვამს ვარაუდს, თუ რა ბუნებრივი (მაგ., წვიმები, ღვარცოფის მოვარდნა) ან ხელოვნური (მაგ., სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, გზების გაყვანა) პროცესების შედეგი შეიძლება იყოს დედამიწის ზედაპირის ცვლილებები;
• განიხილავს დედამიწის ზედაპირზე მიმდინარე ცვლილებების (მაგ., ეროზია, აბრაზია) მნიშვნელობას ცოცხალი სამყაროსათვის.
შინაარსი
ხმელეთის რელიეფის ფორმებია მთები, ქედი, ვაკე, ხევი, ხეობა და სხვა. ისინი წარმოიქმნება დედამიწის ქერქზე მიმდინარე პროცესების ზემოქმედებით. რელიეფზე მოქმედი პროცესებია ქანების გამოფიტვა ქარისა და წვიმის მოქმედებით, მიწისზედა წყლებით ნიადაგის გადარეცხვა ან მდინარის მიერ კალაპოტის გაჭრა, ზღვის ნაპირის გამორეცხვა. ხმელეთის რელიეფის ცვლილების ფაქტორია ადამიანის საქმიანობაც, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო, გზების და სხვა კომუნიკაციების გაყვანა. რელიეფის ფორმის ცვლილება მუდმივი პროცესია.
სარეკომენდაციო აქტივობები
მასწავლებელი:
• ატარებინებს მოსწავლეებს ცდას წყლის ნაკადით ქვიშის ზედაპირის ცვლილების საჩვენებლად. ცვლის წყლის ნაკადის სიმძლავრეს/წყლის ჭავლის წნევას;
• ადარებინებს მოსწავლეებს ერთი და იმავე ადგილის სხვადასხვა დროს გადაღებულ ფოტოებს და სთხოვს, იპოვონ განსხვავება;
• აჩვენებს მოსწავლეებს ადამიანის საქმიანობის (მაგ., წიაღისეულის მოპოვება, ნიადაგის ტერასებად დამუშავება, ქარსაცავი ზოლებისა და სარწყავი სისტემის შექმნა, სამშენებლო სამუშაოები) შედეგების ამსახველ ილუსტრაციებს/ფოტოებს, სთხოვს, იმსჯელონ დედამიწის რელიეფზე მათი გავლენისა და ადამიანისა და გარემოსთვის მათი დადებითი/უარყოფითი მნიშვნელობის შესახებ;
• სთხოვს მოსწავლეებს, გამოთქვან ვარაუდი სხვადასხვა ბუნებრივი მოვლენის (მაგ., მიწისძვრა, მეწყერი, ქარიშხალი, წყალდიდობა, გვალვა, ვულკანი, მოქცევის ტალღა, ხანძარი) გამომწვევი მიზეზების, აგრეთვე, ახლო და შორეული შედეგების შესახებ;
• სთხოვს მოსწავლეებს, მოიძიონ ინფორმაცია ლოკალურ გარემოში მომხდარი რელიეფის ცვლილებების შესახებ (მაგ., მდინარის მიერ კალაპოტის შეცვლა, სანაპირო ზოლის სიგანის ცვლილება, ტყის გაშენება), განასხვავონ მათში ბუნებრივი მოვლენებით და ადამიანის საქმიანობით გამოწვეული ცვლილებები.
No comments:
Post a Comment